სამეგრელოს მაღალჩინოსნების დაკავება გაგრძელდება - შემდეგი ყოფილი გუბერნატორი იქნება?!

სამეგრელოს მაღალჩინოსნების დაკავება გაგრძელდება - შემდეგი ყოფილი გუბერნატორი იქნება?!

სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი. ლევან შონია შესაძლებელია გისოსებს მიღმა აღმონდეს. სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურს სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის დაკავების გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

გავრცელებული ცნობით, ლევან შონიას წინააღმდეგ ჩვენების მოპოვებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზუგდიდის ყოფილი მერისგან ცდილობს. ლაშა გოგიასა და გია გულორდავას ხმაურიანი დაკავების შემდეგ საგამოძიებო უწყება კორუფციულ გარიგებასთან ყოფილი გუბერნატორის კავშირებითაც დაინტერესდა.

ლევან შონიას დაკავების მიზეზი შესაძლოა ”კურიერის” მიერ გასაჯაროებული აუდიოჩანაწერი გახდეს. ირკვევა, რომ ქრთამს ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია არა მხოლოდ ზუგდიდის მერს და მის მოადგილეს, არამედ მაშინდელ გუბერნატორს ლევან შონიასაც აძლევდა.

თანამდებობიდან გადაყენებული ყოფილი გუბერნატორი ადასტურებს, რომ სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. შონია გამოძიებას ენდობა და დაკავებას არ ელოდება.

”კურიერის” ინფორმაციით, ყოფილი გუბერნატორი მმართველ გუნდზე გაბრაზებულია და მან არც წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

ყოფილი გუბერნატორის დაკავებას არ გამორიცხავს კახა მიქაია. "ოცნების” ყოფილი აქტიური მხარდამჭერი დარწმუნებულია, რომ სამეგრელოში არჩვენების წაგებას ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მაღალჩინოსნებს არ აპატიებს და მათი სამაგალითოდ დასჯის დავალება საგამოძიებო უწყებას უკვე მიღებული აქვს.