"ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ვიღაცის ხმებს გამოვედევნოთ. ვიღაცას რაღაცა წავართვათ. ღმერთმა მოახმაროს გრიგოლ ვაშაძეს მისი მხარდამჭერების ხმები. არცერთი ხმა არ მინდა მისი მხარდამჭერების", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ეშინიათ, რომ დავით ბაქრაძე მათი ამომრჩევლის ხმების წართმევისთვის იბრძვის.
"ჩვენ ყოფილ კოლეგებს, მეგობრებს "ნაციონალური მოძრაობიდან" ეშინიათ, რომ არიქა დავით ბაქრაძე წაიღებს ჩვენს ხმებსო, არ ვაპირებ ნამდვილად. ჩვენ არ "ვნადირობთ" "ნაციონალური მოძრაობის" ხმებზე, ეს რომ გვდომოდა იქ ვიყავით და ყველა ხმა ჩვენი იყო. მოხდა ის რაც მოხდა და მოხდა იმიტომ, რომ არსებობდა ფუნდამენტური შეუთავსებლობა ხედვაში.
ღიადაც მითქვამს, რომ დიახ, მე ნამდვილად არ ვარ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატი. ამიტომ ხმებზე "ნადირობას" ნამდვილად არ ვაპირებ. ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ვიღაცის ხმებს გამოვედევნოთ, ვიღაცას რაღაცა წავართვათ. ღმერთმა მოახმაროს გრიგოლ ვაშაძეს რასაც მიიღებს - მისი მხარდამჭერების ხმები, არცერთი ხმა არ მინდა მისი მხარდამჭერების", - განაცხადა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "პირველები".