სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, პროკურატურამ მას გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა.
"გამარჯობა, მე გიგა მაქარაშვილი ვარ, აი 2 კვირის წინ ნაგავი, რომ დამაყარა გორელმა ჩინოვნიკმა თავზე, ის ბიჭი. კარგი ამბავი მაქვს, ბევრი ფიქრის შემდეგ პროკურატურამ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა.
ოღონდ ჩემი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ჩემი აი თქვენი ჯიბიდან კი ის ჩინოვნიკი ამ თვეშიც აიღებს ძალიან კარგ ხელფასს. სისტემა, რომელიც ვერა და ვერ დავანგრიეთ", - წერს მაქარაშვილი ფეისბუქზე.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესასვლელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ახალგაზრდამ ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული დაყარა და გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომა მოითხოვა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მაქარაშვილი ტერიტორიის დანაგვიანების გამო დააჯარიმეს. ადმინისტრაციული შენობის წინ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა კი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავზე ჩამოამხო ურნა, რომელშიც ახალგაზრდები მარცვლეულს და ნაკელს აგროვებდნენ.