პრემიერ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის დაკომპლექტების დროს ჩვენ მუდმივად ვასუბრობდით, რომ თეა წულუკიანი არ უნდა ყოფილიყო განახლებული მთავრობის შემადგენლობაში. მე ვფიქრობ, ეს ერთგვარი პასუხია - ასე აფასებს "საიას" ხელმძღვანელი სულხან სალაძე წულუკიანის განცხადებას, რომელიც ინუსტიციის მინისტრმა კოპენჰაგენში, საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.
„ასეთი განცხადებები, რომელიც როგორც წესი არის დაუსაბუთებელი და თითქოს არის მცდელობა, რომ ერთგვარი პასუხი იყოს იმ სამართლიან კრიტიკაზე, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან ისმის ხელისუფლების მიმართ. დიდწილად ეს კრიტიკა იუსტიციის მინისტრზე მოდის პერსონალურადაც იმ ჩავარდნილი რეფორმების გამო, რომელზეც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. პრემიერ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის დაკომპლექტების დროს ჩვენ მუდმივად ვასუბრობდით, რომ თეა წულუკიანი არ უნდა ყოფილიყო განახლებული მთავრობის შემადგენლობაში. მე ვფიქრობ, ეს ერთგვარი პასუხია დღეს და წულუკიანი ცდილობს, რომ ყველა ფორუმი, ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენოს, რომ სამოქალაქო სექტორზე ისაუბროს ისე, როგორც ამ ქვეყნის დამაქცევლებზე. კოპენჰაგენში გაკეთებული ეს განცხადებაც არის ახალი ეტაპი, ახალი ტალღა. აქამდე მსგავს განცხადებებს ვისმენდით ქვეყნის შიგნით, ახლა კი უკვე საერთაშორისო ფორუმიდან. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ იმ ფორუმზე ისე არ მიიღეს განცხადებები, როგორც ქალბატონი წულუკიანი საუბრობდა. ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საქართველო გამორჩეულია, მათ შორის დიდწილად სამოქალაქო სექტორის მიმართულებით, ეს ფაქტია. ამ ფონზე კი ალბათ ვინმემ ქალბატონ წულუკიანს უნდა უთხრას, რომ საუბარი სამოქალაქო სექტორზე, როგორც მიუღებელ, ტენდენციურ, პოლიტიკური ინტერესების მქონე ორგანიზაციებზე - ეს ყველაფერი შეიძლება უფრო პრობლემური იყოს სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ჩვენ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ბევრი სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან და ეს ურთიერთობები არის ძალიან საქმიანი. ცუდია, რომ იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ ამ ფორმით უნდა ისაუბროს ქვეყნის გარეთაც უკვე, რომ სამოქალაქო სექტორი არის ცუდი და ყველაფერი ცუდი არის სამოქალაქო სექტორის დამსახურება ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ჩვენ ვაკრიტიკებთ მას ჩავარდნილი რეფორმების გამო“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
თეა წულუკიანმა საერთაშორისო ფორუმზე საქართველოში მომქედი არასამთავრობო ორგანიზაციები მწვავედ გააკრიტიკა განაცხადა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმღძვანელს ეკა გიგაურს 7 ნოემბრის აქციის დაშლაში წვლილი მიუძღვის. წულუკიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც "გამჭვირვალობის" წარმომადგენელმა, გიორგი ონიანმა მას საქართველოში არსებული შესაძლო კორუფციის შესახებ დაუსვა კითხვა.