“ჩავაბაროთ ვინმეს ეს ქვეყანა, მაინც ვეღარ ვუვლით” - სოხუმში პალმების გაჩეხვა დაიწყეს

“ჩავაბაროთ ვინმეს ეს ქვეყანა, მაინც ვეღარ ვუვლით” - სოხუმში პალმების გაჩეხვა დაიწყეს

სოხუმში ე.წ. გრძელცხვირა მავნებლის გამო, პალმების გაჩეხვა დაიწყეს. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, მავნე მწერი იმდენად გავრცელებულია, რომ ქალაქის ქუჩებიდან უკვე ეზოებსაც მოედო. ინფორმაციას "AMBEBI.GE" ავრცელებს.

"ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ" კი გამოსავალი იპოვა - მწერისგან გამხმარი და დაავადებული პალმების მოჭრას შეუდგა.

"ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტის" წარმომადგენლის საველი ჭითანავას თქმით, აზიურმა ფაროსანამ ხილბოსტნეული და კულტურული ნათესები გაანადგურა, რის შემდეგაც ციტრუსს შეესია. მის კვალდაკვალ კი აფხაზეთში ზღვისპირა ქალაქებში გრძელცხვირა ხოჭო გამოჩდა, რომელიც ხის ქერქის ქვეშ ბინადრობს და საბოლოოდ, მცენარეს ახმობს.

ადგილობრივი მოსახლეობა აფხაზეთის "ხელმძღვანელობის" გადაწყვეტილებას, პალმების მოჭრასთან დაკავშირებით, უკიდურესად კრიტიკულად ხვდება.

"ერთადერთი, რის გამოც აფხაზეთში, გაგრსა და სოხუმში დამსვენებელი ჩამოდიოდა, ბუნება იყო და ისიც ვეღარ შეინარჩუნეს. პალმის მავნებელს ვეღარ უშველეს და მოჭრაში იპოვეს გამოსავალი. დღეს გამოვიარე, ათობით პალმა ეგდო გზის პირებზე. მთელ სოხუმში 20-მდე მოვჭერითო, არადა, 50-მდე მხოლოდ მე ვნახე. არავინ ვიცით, ხვალ სად გავიღვიძებთ, რა რეალობაში, მაგრამ მაინც ღრმად გვძინავს," - წერს სოხუმელი ციური ანუა.

"გაიარეთ სანაპიროზე ქალაქიდან ერთი-ორი კილომეტრის იქით, დაბომბილია მთელი ნაპირი, ვინმე აკონტროლებს რა რაოდენობით თევზს იჭერენ ამ ქვეყანაში ბრაკონიერები ან სად მიაქვთ, ვის მიაქვს, რითი იჭერენ და ან წლის რა დროს? აფეთქებების გამო დაყრუებულია მოსახლეობა და სანაპიროზე ათმეტრანი ორმოებია გაჩენილი. ავდგეთ და ჩავაბაროთ ვინმეს ეს ქვეყანა, მაინც ვეღარ ვუვლით და ვიდრე სულ გაპარტახებულა, სხვა მაინც გამოიყენებს," - წერს ალხაზ წვინარია