"თუ კონსტანტინოპოლის ეკლესია რუსეთს უსამართლოდ ექცევა, მხარი არ უნდა დავუჭიროთ"

 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორის მდივანი, მიქაელ ბოტკოველის მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის დაწყებულ დაპირისპირებაში მნიშვნელოვანია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო რამდენად დაეყრდნობა სამართლიანობის პრინციპს.

ბოტკოველის განცხადება თავდაპირველად “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. პატრიარქის მდივანი აღნიშნულ განცხადებაში განმარტავს, რომ რუსეთის ეკლესიის მიერ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და თუ კრიზისი ორ ეკლესიას შორის გაღრმავდა, ის უფრო რთულ ფორმებს მიიღებს.

“კონსტანტინოპოლის ეკლესია ასაბუთებს, რომ მას აქვს უფლება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინასთან მიმართებით და მოსკოვის საპატრიარქო ეწინააღმდეგება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამ პოზიციას. მათ შორის დავა კანონიკური სამართლის ნორმებით უნდა გადაწყდეს, ეს უცილობელია. იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უპირობოდ მხარი დავუჭიროთ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, არასწორია,” – ამბობს ბოტკოველი.

განცხადებაში პატრიარქის მდივანი დასძენს, რომ ვიდრე ყველა არგუმენტი საფუძვლიანად არ იქნება შესწავლილი, მანამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებს.

"კონსტინტონოპოლი რომ იყოს მტყუანი, მაინც მას უნდა დავუდგეთ გვერდში?! ჩვენ სიმართლეს უნდა დავუჭიროთ მხარი და არ ვიმსჯელოთ მხოლოდ იმით, რომ რუსეთი ოკუპანტია", – აღნიშნავს ის.