„მეტეხის ჩრდილთან“, სადაც ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი უნდა გაიხსნას, მოძრაობის - „რუსეთი ოკუპანტია“ წევრები იკრიბებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ფორუმის შინაარსს და თბილისში რუსეთის ბიზნესწრეების წარმომადგენელთა ვიზიტს აპროტესტებენ.
მოძრაობის წევრის ანა ჭარხალაშვილის განცხადებით, ევრაზიული კავშირი საბჭოთა კავშირის იდენტურია. მისი თქმით, პრორუსული ძალები ცდილობენ საქართველო კვლავ „თავის კლანჭებში“ მოაქციონ.
„ჩვენ ისევ გვეძახიან საბჭოთა კავშირში, მაგრამ არ დავბრუნდებით,“ - ამბობს ჭარხალაშვილი.
აქციის ორგანიზატორები ფორუმის მონაწილეებისგან აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს ნაწილად აღიარებას მოითხოვენ.
„მივალთ და ვთხოვთ აღიარონ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ნაწილი და არა რუსეთის,“ - ამბობენ ისინი.
ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმის ქართველ მასპინძლებზე ინფორმაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. რატომ ტარდება საქართველოში ღონისძიება, როცა ჩვენი ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის, ეს კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება.