ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„სახელმწიფო მოხელეთა მონაწილეობით ჩადენილი დანაშაული ყველგან ხდება, მათ შორის, – ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც. ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა, არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის ზემოთაც საქმე გვაქვს მაღალჩინოსანთან არა ერთეულ, თუნდაც ათეულ კანონდარღვევასთან, არამედ ხელისუფლების სისტემურ ხრწნასთან.
როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ამ სტადიას მივაღწიეთ, რაც ასე თვალსაჩინო იყო წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო წლებში. ოქუაშვილი-ყიფიანის და სუბელიანის ფარული ჩანაწერები (ვისაც მათ ავთენტურობაში ეჭვი გეპარებათ, შემიძლია ნეტარი ღიმილის სმაილიკით დაგაჯილდოვოთ) ამის ნათელი დასტურია.
დიახ, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს სახელისუფლებო სტრუქტურების ლპობის სისტემურ, უკვე ქრონიკულ პროცესთან და სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ მმართველმა გუნდმა ამისი შეჩერება შეძლოს.
სავარაუდოდ, არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ასეთ, ან უფრო სკანდალურ ჩანაწერს ვიხილავთ, რომლებსაც შეუძლიათ ისეთივე ზემოქმედება მოახდინონ მოსახლეობის განწყობაზე, როგორც ციხის ცნობილმა კადრებმა 2012 წელს. ესაა ლოგიკური შედეგი კოჰაბიტაციად წოდებული სრულიად გაუმართლებელი პოლიტიკური კურსისა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსული ახალი სახეების ღორული გაუმაძღრობა და დაუსჯელობის სინდრომი დაემატა.
ძალიან მწყინს, ამას რომ ვამბობ ხელისუფლებაზე, რომელსაც 2012 წელს მხარი დავუჭირე და, მწარე იმედგაცრუების მიუხედავად, 2016 წელსაც დავუჭერდი მხარს, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა რომ მქონოდა. ამ ქვეყანამ და ხალხმა რა დააშავა, თორემ თქვენ რისი ღირსიც ხართ, კარგად ვიცი ბატონებო…“