გიორგი მარგველაშვილი მამუკა ბახტაძეს სთავაზობს, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართოს

გიორგი მარგველაშვილი მამუკა ბახტაძეს სთავაზობს, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს  მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით.  შესაბამისად, ვიყენებ ჩემ კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის ანუ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიისთვის.