"ქართული ოცნება" ზურაბიშვილის მხარდაჭერას გაააქტიურებს - მმართველი გუნდის მსჯელობა ცენტრალურ ოფისში

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიასთან  დაკავშრებით მსჯელობა გაიმართა. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, მმართველი ძალა უახლოეს მომავალში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას უფრო მეტად გაააქტიურებს. "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები განიხილავდნენ, თუ რა ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს სამომავლოდ იმისათვის, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა უფრო მასშტაბური იყოს.

"ვიმსჯელეთ და ვისაუბრეთ ბევრ მიმდინარე საკითხზე, მათ შორის თა თქმა უნდა არჩევნებზე. გვყავს ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი, რომელსაც პარტია,ჩვენი ყველა წევრი, გარდა ვერბალური მხარდაჭერისა, პრაქტიკაში უცხადებს სრულ მხარდაჭერას“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია.

დეპუტატ ვახტანგ შაქარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ყველა გაერთიანდა, “ქართული ოცნება“ კი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს „ფაშიზმი“ დაამარცხოს:

„მმართველი პარტია არის მოწოდების სიმაღლეზე და კონსოლიდირებულია. ყველა გაერთიანდა ერთი ყველაზე ღირსეული, ყველაზე ადეკვატური კანდიდატის წინააღმდეგ. დღეს ჩვენ არამხოლოდ პარტიას, საზოგადოებას გვჭირდება სრული კონსოლიდაცია იმ ბოროტებისა და პირდაპირ შეგვიძლია ვუწოდოთ, იმ ფაშიზმის წინააღმდეგ რაც ერთი კონკრეტული კანდიდატისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხორციელდება“-აცხადებს შაქარაშვილი.