სტიქიის შედეგად დაზარალებული გლეხი – „ლამის თავი ჩამოვიხრჩო“ (VIDEO)

სტიქიის შედეგად დაზარალებული გლეხი – „ლამის თავი ჩამოვიხრჩო“ (VIDEO)

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში მცხოვრებ ზირა სეფიაშვილს ძლიერი სეტყვის შედეგად საზამთროს ბაღი სამ ჰექტარზე გაუნადგურდა. 300 ტონამდე საზამთრო დახეთქილია და ლპება. სეფიაშვილების ოჯახს მოსავლის მოსაყვანად ბანკიდან 11 ათასი ლარი კრედიტი აქვს აღებული, სანაცვლოდ ბანკში აქვთ ჩადებული ერთადერთი საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთები.

„ერთი საზამთროც კი არ მომიწყვეტია და ბავშვებისთვისაც კი არ ამიტანია სახლში, ვერ მოვახერხე, რამდენიმე თვეა უკვე აქ, ქოხში ვცხოვრობ, რომ ბაღისთვის არაფერი დამეკლო. 72 წლის კაცი ვარ და ასეთი სეტყვა არ მახსოვს. გეგონება ბომბი დაუშინესო ისეთი ხმა ჰქონდა. სულ გააოხრა ყველაფერი, საზამთრო აღარ ვარგა. სოფლის მოსახლეობას ვისაც ღორი ჰყავს, ვუთხარი, გაზიდეთ, ღორებს მაინც აჭამეთ მეთქი. 11 ათასი ლარი კრედიტი გვაქვს აღებული, რით რა უნდა ვქნათ არ ვიცი. საზამთროსთან ერთად ნესვი, პომიდორი და სიმინდიც გვქონდა. ყველაფერი განადგურებულია. ვდგევარ და დახეთქილ საზამთროს შევყურებ მომაკვდავივით. ჩემი პატრონი არავინ არ არის, რომ მომხედოს რაღაცით“, – განუცხადა ზირა სეფიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ზირა სეფიაშვილის შვილის ლევან სეფიაშვილის თქმით, მოსავლის მოსაყვანად ბანკიდან აღებული თანხა რომ არ ეყოთ, რამდენიმე კვირის წინ, საქორწინო ბეჭედიც დააგირავა. „480 ლარი მომცეს, ეგ იყო და ეგ. მეტი გასაქანი აღარ მაქვს“, – აღნიშნა ლევან სეფიაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ კახეთში სტიქიით დაზარალებულ გლეხებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის აღებული საბანკო კრედიტის დაფარვა ერთი წილით გადაუვადდებათ, ამ პერიოდში დაგროვილ საპროცენტო თანხას კი სახელმწიფო დაფარავს.

მისივე თქმით, სტიქიით დაზარალებულები კატეგორიების მიხედვით დაიყოფიან და ფულად კომპენსაციასაც მიიღებენ. „ვაპირებთ ყველა დაზარალებულ ოჯახს გადავცეთ სასურსათო პაკეტი, რომელშიც შედის ფქვილი, შაქარი და ზეთი. დავყოთ კატეგორიებად დაზარალებული ნაკვეთები, ვენახი, სხვა მრავალწლიანი ნარგავები. პირველი კატეგორია არის ის ნაკვეთები და ის მოქალაქეები და გლეხები, ვინც დაკარგა 100% საკუთარი ნარგავების და ჩვენ ვაპირებთ მათ გადავცეთ თითოეულ ოჯახზე 1300–დან 1500 ლარამდე. მეორე კატეგორია ეს არის ვისაც გაუნადგურდა 70%–80% ნარგავების და ნათესების და მათ ვაპირებთ გადავცეთ 800–დან 900 ლარამდე. მესამე კატეგორია ეს არის ვისაც გაუნადგურდა 50%–მდე და გადავცემთ 300–დან 500 ლარამდე. ეს უმთავრესად მოიცავს თელავს, გურჯაანს, ყვარელს და ნაწილობრივ ლაგოდეხს“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს ის რესურსები რაც აქვს და ამ სახსრების მოძებნით მთავრობამ თითქმის შეუძლებელი მოახერხა.

დღესვე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში სტიქიით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ის უკანონოდ დააჯარიმა და ჯარიმის გადახდას არ აპირებდა, სტიქიური უბედურების გათვალისწინებით, ის ბიუჯეტში ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს რიცხავს, რათა ხელისუფლებამ დაზარალებულ გლეხებს სტიქიით მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაუროს. ხელისუფლების წარმომადგენლებს ივანიშვილის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.