„ყველაფერი სველია, 2 ღამეა სკამზე ვათენებთ მე და მამა, 85 წლის კაცი. გუშინ დილითვე დავრეკე, ჩაიწერეს ყველაფერი, მაგრამ დღემდე არავინ მოსულა და არაფერი მოუტანიათ, არადა როგორ შემპირდნენ და როგორი იმედი მქონდა. დენი, წყალი და გაზი არ გვაქვს, საჭმელიც არ გაგვიკეთებია, გუშინაც საზამთრო და პური ვჭამეთ,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავში მცხოვრებმა დარეჯან შაშიაშვილმა.
„მთელი სახურავი მოხსნილი იყო და სადღაც ეყარა ნაწილები. ყველაფერი დამპალი მაქვს, ლოგინებიც სულ სველია და სკამებზე გვეძინა წუხელ. არავინ მოსულა და არაფერი მოუციათ. პურს თუ ვიყიდი ეგ არის, კაპიკი ფულიც არ მაქვს,“ – აღნიშნა სტიქიით დაზარალებულმა თინა სულხანიშვილმა.
„ღუმელი ავანთე აივანზე და იქ ვაკეთებ სადილს. გუშინ პურის დეფიციტიც იყო და 3 პური ძლივს იშოვა ჩემმა მეუღლემ. ამ დრომდე არავინ მოსულა. გუშინ ერთი ვიღაც იყო, ბინა რა ნომერიაო იკითხა და ეგ იყო. ცოტა წვიმს და ძალიან მეშინია, რაღაც „პალატკებს“ აძლევენო დროებით და ჩვენ ის „პალატკაც“ არა გვაქვს, ისევ რომ იწვიმოს, გაივსება მთელი სახლი, ისედაც სველია ყველაფერი. ოთახები დასველდა, მინები ჩაიმტვრა, ჭერი აღარ აქვს, წუხელ არ გვძინებია, ერთ ოთახში ვიყავით თავშეფარებულები,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავში მცხოვრებმა ნესტან გომელაურმა.
„სტიქიის დროს მეზობლის სახლიდან აგლეჯილი სახურავი ჩვენს სახლს დაეცა, საშინელი ხმა იყო, ჭერი ჩამომინგრია, მერე გადაფრინდა, კაკლის ხეები მოგლიჯა და დაბლა დაეცა. ბეწვზე ვართ გადარჩენილები, მე გამოვასწარი და ჩემს მეუღლეს ბეტონის ფილები თავზე და მხარზე დაეცა. ჩაწერილები ვართ გამგეობაში, მაგრამ არავინ მოსულა. გუშინაც „პალატკებზე“ ჩვენ თვითონ დავრბოდით. გუშინ პურიც არ იყო, 6 პურზე მეტს არ იძლეოდნენ თონეები,“ – აღნიშნა მაია ოთარაშვილმა.
სტიქიიდან მეორე დღეს, თელავის ნაწილს ისევ არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, ქალაქის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა, ზოგიერთი უბანი კი ისევ სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. თელავში პურზე რიგები აღარ არის, თუმცა თონეების ნაწილი ისევ არ მუშაობს. რიგებია თელავის ავტოგაზგასამართ სადგურზე. რაიონულ საავადმყოფოს, სამშობიაროს, პოლიკლინიკას და სასწრაფო დახმარების სამსახურს ელექტროენერგია გენერატორების საშუალებით მიეწოდება. დაწყებულია თელავის გაწმენდა, რეზერვისტები თელავის ქუჩებს დილიდან ნაძვის და ხის ტოტებით ასუფთავებდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ ხუცაიძის განცხადებით, დილიდან მოსახლეობისთვის, რომელსაც გრიგალმა სახურავი გადაუხადა ბრეზენტის დარიგება დაიწყო.
დღეს პრემიერ – მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის ხელმძღვანელია განაცხადა, რომ ყველასთან დღეს, ხვალ და ზეგ ვერ მივლენ, რასაც მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს.