საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კახეთის სხვადასხვა ქალაქში ამომრჩეველს ხვდება. ახლა შეხვედრა ლაგოდეხში მიმდინარეობს.
"სანამ ტერიტორიები ოკუპირებულია, მანამდე ბოლომდე თავისუფალი ვერ ვიქნებით. ეს არის ჩვენი დიდი ტკივილი , რომლის მოგვარებასაც მთელი ჩემი რესურსით შევეცდები",- ამ სიტყვებით დაიწყო დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლაგოდეხში მოსახლეობასთან შეხვედრა.
სალომე ზურაბიშვილმა რეგიონის განვითარების აუცილებლობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ამ კუთხით მეტი აქტიურობის აუცილებლობას ხედავს.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონების განყოფილება და ცხელი ხაზი იქნება. მე ასე შევძლებ დახმარებას. არქეოლოგია ძალიან გასავითარებელია, ამ საკითხშიც პრეზიდენტი არის უფლებამოსილი ყველანაირად იყოს ჩართული. კულტურა ჩემთვის არის ამ ქვეყნის ერთ- ერთი მთავარი ღერძი. ეკონომიკა არის ის, რაც დაგვასაქმებს, მაგრამ არანაკლებ კულტურა. მე ვიქნები ხელისუფლებასთან თქვენი მედიატორი. უნდა იცოდეთ კონსტიტუცია, იქ არის ჩამოწერილი ყველა ის უფლება, რომელსაც მე დავიცავ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დღეს ამომრჩეველთან შეხვედრა ახმეტაში, თელავსა და ლაგოდეხში გამართა.
სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას 8 ოქტომბერს სიღნაღსა და დედოფლისწყაროში შეხვდება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.