ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ეს ეხება საქართველოს ორ რეგიონსა და იქ არსებულ ვითარებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.
მისი თქმით, სიტუაცია არ უმჯობესდება და ბევრი მიმართულებით უარესდება კიდეც.
„ძალიან ბევრმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი ხშირად ახსენებ მათი ქვეყნების საზოგადოებას, რომ რასაც რუსეთი აკეთებს ახლა უკრაინაში არის გაგრძელება იმის, რაც 2008 წელს რუსეთმა გააკეთა საქართველოში. საქართველოს თემა უნდა შენარჩუნდეს დღის წესრიგში და მოხარული ვარ, რომ ეს უფრო აქტიურად ხდება ახლა, ვიდრე აქამდე. ეს არის საქართველოს მთავრობისა და ქართული მედიის წარმატება. მნიშვნელოვანია ჩვენთვის შეხსენება, რომ საშინელებაა არამარტო ის, რაც უკრაინაში ხდება, არამედ ყურადღება უნდა დაეთმოს საქართველოსაც და ეს ეხება არამარტო იმას რაც მოხდა, არამედ რაც ახლაც ხდება“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ამასთან, როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, სხდომაზე განიხილეს საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში.
„მე ყოველთვის ამაზე ვამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ძალიან ძვირფასია და ნატო მადლიერია საქართველოს კონტრიბუციით.
გერმანია ძალიან მჭიდროდ მუშაობს საქართველოსთან და აფასებს ამ წვლილს, გერმანიასთან ერთად ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა და როდესაც შესაძლებლობა გვეძლევა, ყოველთვის ვამბობთ მადლიერების სიტყვებს.
სხდომაზე განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. რა მდგომარეობა და რა სიტუაციაა, როგორ გართულდა, დაიძაბა და რა ქრონოლოგიით განვითარდა მოვლენები. ასევე განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის სხვადასხვა ელემენტები“, – განაცხადა აპატურაიმ.