საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მასწავლებლებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"მინდა საქართველოს ყველა მასწავლებელს მივულოცო პროფესიული დღესასწაული, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე. მასწავლებლობა ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ეს ის ხალხია, ვინც თაობებს უზრდის ქვეყანას და სწორედ მათზეა დამოკიდებული, რამდენად განათლებული ახალგაზრდობა გვეყოლება. განათლება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ვატარებთ ძირეულ რეფორმებს იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს განათლების ხარისხი და გვყავდეს განათლებული თაობები, რომლებიც თვისებრივად შეცვლიან ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და თავიანთი მიღწევებით წარმატებულს გახდიან საქართველოს.
ამ მიზნის მიღწევაში კი თითოეული მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. განათლების რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მასწავლებლის პროფესიის მეტად დაფასებას გულისხმობს. ეტაპობრივად გაიზრდება ხელფასები და ჩვენს მასწავლებლებს ექნებათ ისეთი პირობები, როგორსაც ეს საპატიო პროფესია იმსახურებს. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო უდიდესი პატივისცემა ყველა მასწავლებლის მიმართ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე,"- წერს ბახტაძე.
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა.
14 სექტემბერს გაირკვა, რომ საქართველოში 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს. 2018 წლის 1 თებერვლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000 ლარს იღებს.