თეა წულუკიანი: „ომეგას“ აქვს 51 მილიონი ხაზინის ვალი, ქართველი ხალხის ვალი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადოს

თეა წულუკიანი: „ომეგას“ აქვს 51 მილიონი ხაზინის ვალი, ქართველი ხალხის ვალი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადოს

„ჩემთვის მთავარი არის, რომ „ომეგას“ აქვს 51 მილიონის საგადასახადო დავალიანება და მისი ხელმძღვანელი ნაცვლად იმისა, მუშაობდეს, თუ როგორ გადაუხადოს ქართველ ხალხს ვალი, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს“, – ამის შესხებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ „ომეგა ჯგუფი“ ბინძური მეთოდებით ცდილობს, ხალხს დაავიწყოს დავალიანების თემა, რომელიც მას ხაზინის წინაშე აქვს.

„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს განცხადებები და ჩანაწერები რჩება განცხადებებად და ჩანაწერებად. გამოძიება იტყვის, რომელია ავთენტური, რომელი შეესაბამება სიმართლეს. არ მიმაჩნია ეს ყველაფერი პოლიტიკური კომენტარების თემად. ჩემთვის მთავარი არის, რომ კომპანიას აქვს 51 მილიონის საგადასახადო დავალიანება და ნაცვლად იმისა, მუშაობდეს, თუ როგორ გადაუხადოს ქართველ ხალხს ვალი, ხაზინის ფული იგივე ქართველი ხალხის ფულია, ზის ტელევიზიაში, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს და იქიდან არიგებს ამავე ხალხს ჭკუას, რომლის ვალიც აქვს. 51 მილიონი ლარი არ არის პატარა თანხა, ეს დაახლოებით ნახევარი თვის თანხაა იმ პენსიებისა, რასაც ქვეყანა ხანდაზმულებზე გასცემს. მესმის, რომ კომპანიას უნდა ყველა მეთოდით, მათ შორის ბინძური მეთოდით დაავიწყოს ვალის თემა ხალხს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვივიწყებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.