საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა, გამოვეხმაურო საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს. ჩვენ ჯერ კიდევ დილით ვვარაუდობდით, რომ რამდენიმე საათში გაირკვეოდა მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა. შესაბამისი უწყებები 24-საათიან რეჟიმში იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და კომუნიკაციის არხს უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქის გასათავისუფლებლად, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები. მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, დღესვე პირადად შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით. უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე ოჯახს, თავის სამ მცირეწლოვან შვილს დროულად დაუბრუნდეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.