ექიმთა კონსილიუმის დასკვნით: „ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“

ექიმთა კონსილიუმის დასკვნით: „ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“

ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმის ელენე ხურციძის ინფორმაციით, ექიმთა კონსილიუმის დასკვნით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, მისი მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია“, - განაცხადა ელენე ხურციძემ კონსილიუმის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, გამორიცხულია სიმსივნური ან სხვა მწვავე პათოლოგია, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა პაციენტის მდგომარეობას, ასევე გამორიცხულია მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის რაიმე ნიშნებიც. ექიმის განცხადებით, მედიკოსები იდიოპათიური ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ.

„პაციენტს სახის ნერვის დამბლა არ აქვს. კონსილიუმის შედეგად მივიღეთ დამატებით ერთი კვლევის გადაწყვეტილება - საძილე არტერიის ულტრასონოგრაფია ჩაუტარდება. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, საჭიროებს მხოლოდ დაკვირვებით რეჟიმში მკურნალობის გაგრძელებას. საფუძველი იმისა, რომ პაციენტი კლინიკაში დარჩეს, არ არსებობს“, - განაცხადა ელენე ხურციძემ.