პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ყოფილი თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს აკრიტიკებს. მისი თქმით სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობა სურს, მაშინ როდესაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ქართველობა. ამის შესახებ, პაატა ბურჭულაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტობა გინდოდეს, როცა მოყოლით იცი, რა არის ქართველობა. არ ხარ დაბადებული, არ ხარ გაზრდილი, სოფელში არ ხარ ნამყოფი. არ იცი, რითი სუნთქავს საქართველო და შენ გინდა საქართველოს პრეზიდენტობა? დასცინი ამდენ ხალხს?“-განაცხადა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობის პერიოდი გაიხსენა, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მას ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე 2015 წელს აკრიტიკებდა და სოციალურ ქსელში წერდა, რომ ფონდ იავნანას, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს კარტბლანში ჰქონდა. ზურაბიშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ფონდში შესაძლოა, ფულის გათეთრება ხდებოდა.
„საერთოდ ცოტა ძნელია, სერიოზულად ილაპარაკო ამ ქალბატონზე იმიტომ, რომ მე მახსოვს, როდესაც მე შევქმენი პარტია სახელმწიფო ხალხისთვის, მანამდე ის ასეთ განცხადებებს, ოღონდ პიროვნულად ჩემზე სულ ავრცელებდა Facebook-ში და სულ უნდოდა, რომ მე მეპასუხა. მე არ ვაქცევდი ყურადღებას,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძის თქმით, პარტიის შექმნის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მას ხალხი მიუგზავნა, რომ მასთან პარტიაში ყოფნა უნდოდა, თუმცა, ბურჭულაძემ არ მიიღო.