პაატა ბურჭულაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას პრეზიდენტობა მესამე შეხვედრაზე შესთავაზე. მისი განცხადებით ივანიშვილს მანამდე კარგად არც იცნობდა და მხოლოდ ორჯერ დედის პანაშვიდზე და სამებაში წირვაზე ჰყავდა ნანახი. ბურჭულაძის თქმით, მისთვის შემაშფოთებლად იქცა ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა მასთან საუბარი დაიწყო იმაზე, რომ მისი გარემოცვის წევრებისთვის ფული ქონდა გადახდილი, კონკრეტულად კი კახა კალაძისთვის. ბურჭულაძის შეფასებით, ივანიშვილმა ამით მიანიშნა, რომ ყველას ყიდვა შეეძლო. ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა:
„ივანიშვილთან მესამე შეხვედრა იყო ჩვენი პატრიარქის საღამო პარიზში. ამ შეხვედრაზე ჩვენ დავიწყეთ ცოტა პოლიტიკური ლაპარაკი, მან მითხრა შენ პრეზიდენტი იყავი და მე პრემიერ-მინისტრიო. მე ვუთხარი, ბატონო ბიძინა, მე პატივისცემით გეპყრობით, მაგრამ მე მაქვს ჩემი კარიერა, მაღალანაზღაურებადი სპექტაკლები და მე მგონი არ მინდა მეთქი. პირველი შემაშფოთებელი ზარი, რამაც დარეკა ჩემში, ეს იყო, რომ არც აცია და არც აცხელა, მითხრა, ფინანსებზე თუ არის საქმე პრობლემა არაა, აგერ კახი კალაძეს 8 მილიონი მივეცი ბანკისთვისო და კახი კარგად არისო. კახი იყო იმ დროისთვის მისი მარჯვენა ხელი. მერე მივხვდი, რომ ის ადამიანი ყველა ადამიანს აფასებს ლარში და დოლარში, რამდენი დაუჯდება და რამდენად შეუძლია მისი ყიდვა. თუ არ დათანხმდი მაშინ ხდები მისი მტერი.“- განაცხადა ბურჭულაძემ. მისი თქმით, მას ივანიშვილმა ძალიან დიდი თანხა შესთავაზა, თუმცა ბურჭულაძეს კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია.
პაატა ბურჭულაძის თქმით, ივანიშვილმა ამის შემდეგ ხმები გაუვრცელა, რომ მან 50 მილიონი მოითხოვა და ის არ დათანხმდა.