"გირჩი არის ბიძინა ივანიშვილის"- პაატა ბურჭულაძის სკანდალური განცხადება "არჩევანში"

პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილი თავმჯდომარის, პაატა ბურჭულაძის თქმით, პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ დაშლა ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ბურჭულაძე გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა და კონკრეტულად პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ საკითხს შეეხო.

პაატა ბურჭულაძე გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ბლოკის დატოვების მოტივად აღნიშნა, რომ ბურჭულაძე საარჩევნო სიაში მოხვედრისთვის ბლოკის წევრებს ფულს ითხოვდა.ბურჭულაძის თქმით, ამ ყველაფრის მიზანი ის იყო, რომ არჩევნების წინ ბლოკი დაშლილიყო, რასაც მიაღწიეს. ბურჭულაძის თქმით, გირჩი ივანიშვილის პარტიაა და ის ბლოკში ივანიშვილის ფულით შედიოდა. ბურჭულაძის თქმით, ლოგიკურია, რომ გირჩი ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რადგან დღეს მარიხუანას კანონპროექტი შეტანილია პარლამენტში.

„ნახეთ, საიდან ირკვევა, რომ ეს ორგანიზაცია არის ბიძინა ივანიშვილის, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მარიხუანაზე საუბარი არ იყო, როდესაც მარიხუანაზე დაიწყეს საუბარი. ეს აგორებულია ყველაფერი აქედან. ლოგიკურად რომ მივყვეთ აზრს, ეს იყო გათვლილი უკვე მაშინ იმიტომ, რომ არ შეიძლება, ერთ დღეს თქვა, რომ ხვალიდან მე ლეგალიზაციას ვუკეთებ მარიხუანას საქართველოში. ეს უნდა მომზადდეს, ხალხში მომწიფდეს და ეს იყო, მწიფდებოდა და დღეს მივედით და ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.