უკავშირდება თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს „პალიტრამედიის“ კუთვნილ შპს-ში საგამოძიებო სამსახურის შესვლა - რას აცხადებენ კომპანიაში

უკავშირდება თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს „პალიტრამედიის“ კუთვნილ შპს-ში საგამოძიებო სამსახურის შესვლა - რას აცხადებენ კომპანიაში

„პალიტრამედიის“ კუთვნილ შპს „კოლორპაკში“ პროკურატურის შესვლასთან დაკავშირებით შპს „კოლორპაკის“ წარმომადგენელი გიორგი ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ჰოლდინგი საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

რამდენადაც ცნობილია, კომპანიის მეწილეები ყოფილი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის, ცოლის ნათესავები არიან, თუმცა უკავშირდება თუ არა "პალიტრა მედიაში" საგამოძიებო უწყების შესვლა ამ ფაქტს, კომენტარი ამის შესახებ ჯერჯერობით არ კეთდება.

„ბევრ რამეს შეიძლება ვფიქრობდე, მაგრამ არ მაძლევს არაფერი იმის საბაბს, რომ რამე დავაკონკრეტო და რამე ვთქვა. ვერ გეტყვით ვერაფერს. ცოტა ისეთი კითხვაა, რაა, არ მინდა ამაზე პასუხის გაცემა. ამ ფორმით ან კი ან არათი. სრული დოკუმენტაციის გადაცემა გვთხოვეს. ელექტრონული სახით რაც იყო დოკუმენტაცია, მივეცით. დანარჩენზე მოგვცეს დრო, რომ ეს დოკუმენტები გავამზადოთ და გადავცეთ.“ - განაცხადა გიორგი ჟორჟოლიანმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, „მედიაპალიტრის“ კუთვნილ შპს „კოლორპაკში“ პროკურატურის შესვლა პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება დღეს გაავრცელა:

„საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „კოლორპაკმა“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.