საქართველო მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში დაწინაურდა

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში დაწინაურდა

საქართველი მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში დაწინაურდა. ამის შესახებ ცნობილი "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ინიციატივით გამართულ პრეზენტაციაზე გახდა. რეიტინგში 162 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ამგვარი პოზიციონირება. მიქაბაძის თქმით, საქართველოს პოზიციები წლების განმავლობაში უმჯობესდება.

ყოველწლიურ შემაჯამებელ რეიტინგს „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“ კანადური ფრეზერის ინსტიტუტი შეიმუშავებს. პროცესში ჩართულები არიან ეკონომიკური თავისუფლების ქსელის წევრი დამოუკიდებელი მკვლევრები და საგანმანათლებლო ინსტიტუტები მსოფლიოს 100-ზემეტი ქვეყნიდან.

2018 წლის ინდექსი მომზადებულია ჯეიმს გვორთნის (ფლორიდის სახელმწიფოუნივერსიტეტი), რობერტ ა. ლოუსონის(სამხრეთის მეთოდისტური უნივერსიტეტი) და ჯოშუა ჰელის (დასავლეთ ვირჯინიისუნივერსიტეტი) მიერ. რეიტინგი ემყარება 2016 წლიდან მონაცემებს და ზომავს ეკონომიკური თავისუფლების დონეს (არჩევანის თავისუფლების, ბაზრებზე შეღწევადობის, კერძო საკუთრების დაცულობის, მართლწესრიგის და ა.შ.) 162 ქვეყნის პოლიტიკის და ინსტიტუციების ანალიზით.

ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი გზავნილი ინვესტორებისთვისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

„ეს არის კვლევა, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს აერთიანებს. ხუთი ძირითადიმიმართულებაა, სადაც ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, მათ შორის აღსანიშნავია მიღწევები რეგულაციების კუთხით, სადაც მკვეთრი გაუმჯობესება ფიქსირდება", - აღნიშნა მიქაბაძემ.

მისივე თქმით, მეცხრე პოზიციიდან საქართველოს გადასვლა მეშვიდე პოზიციაზე არის იმ რეფორმების შედეგი, რომლებიც დღეს საქართველოში ტარდება.

„ამ მხრივ გამოვყოფდი რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს - მთავრობის ზომას, რომელშიც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მომავალ წელს და იმის შემდეგაც გვექნება მკვეთრი ზრდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა და ინიციატივა არის მთავრობის ზომის შემცირება“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დაზუსტებული მონაცემებით, 2016 წელს საქართველო 7-9 ადგილებს იყოფდა ავსტრალიასა და მავრიკის რესპუბლიკასთან, ხოლო 2017 წელს მე-9 ადგილზე იყო.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2018 წლის რეიტინგი ასეთია: 1. ჰონგ-კონგი; 2. სინგაპური; 3. ახალი ზელანდია; 4. შვეიცარია; 5. ირლანდია; 6. აშშ; 7. საქართველო; 8. მავრიკის რესპუბლიკა; 9. გაერთიანებული სამეფო; 10. ავსტრალია.

რეიტინგის შესადგენად გაანალიზებულია ქვეყნების 5 ძირითადი სფერო: მთავრობის ზომა; საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო; მყარი ფულადი პოლიტიკა; საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები.