მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველო „ღია ცის“ შეთანხმებას აშშ-ის დახმარებით არღვევს

მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველო „ღია ცის“ შეთანხმებას აშშ-ის დახმარებით არღვევს

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ერმაკოვის განცხადებით, საქართველო აშშ-ის დახმარებით ღია ცის მრავალმხრივ შეთანხმებას არღვევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "რია" ავრცელებს. 

"ბურთი ამჟამად ჩვენი ქართველი კოლეგების მხარესაა, მათ შორის აშშ, რომელმაც მათ ასე მოქცევის საშუალება მისცა. საქართველო ცალმხრივი წესით, ვერასდროს გაბედავდა ასე მოქცევას", - ამბობს ერმაკოვი. 

რუსეთი აცხადებს, რომ საქართველომ შეთანხმების წევრობის მიუხედავად წესი დაარღვია და რუსი დამკვირვებლების შეშვებაზე უარი თქვა. 

საქართველოს საგარეო საქმენა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ახალი რუსული თვითმფრინავის „ტუ-2014ონ“-ის  ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული სადამკვირვებლო ფრენა დაბლოკა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ახალი თვითმფრინავის მიღებისთვის საჭიროა დამატებითი კონსულტაციები სპეციალისტებთან. 

„ღია ცის“ შეთანხმებას ხელი ჰელსინკიში 1992 წლის 24 მარტს 23 სახელმწიფოს - ეუთოს წევრების წარმომადგენლებმა მოაწერეს. შეთანხმების მონაწილეებს უფლება აქვთ განახორციელონ ფრენები ერთმანეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების გაკონტროლების მიზნით. შეთანხმებაში შედიან ნატოს წევრი ძირითადი ქვეყნები, ასევე რუსეთი, საქართველო, ბელარუსი, უკრაინა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, შვედეთი და ფინეთი.