საქართველო აგრძელებს აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას კონტრტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრზე. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია, არის „ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის ერთგული წევრი და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი.
„2017 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის ლეგალურ საფუძველს ქმნის. ეს კი გააძლიერებს კონტრტერორიზმის სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს NATO-ს ძალებთან თავსებადობას გააუმჯობესებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
დოკუმენტის ავტორების აღნიშნავენ, რომ 2017 წელს საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა, რითაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელი კანონმდებლობა დახვეწა.
„საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი მიზნად ისახავს საიდუმლო ოპერაციებისა და ელექტრონული თვალთვალის უკეთეს მართვასა და ზედამხედველობას. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უფლებას აძლევს სამართალდამცავებს, მოითხოვონ ელექტრონული კომუნიკაცია, უშუალოდ იმ სააგენტოსგან, რომელიც თვალთვალს აწარმოებს. ასევე აღნიშნული კანონი აძლიერებს იმ პირთა დაცვას. რომლებიც კრიმინალურ საქმეებში ფიგურირებენ” – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ ასევე მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანას უფლებას აძლევს, ტერორიზმში ჩართულ და ტერორისტულ ჯგუფებსა და ორგანიზაციებთან დაკავშირებულ პირებს უარი უთხრას თავშესაფარზე.