კანაფის კულტივირების კანონპროექტს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციები ეხმაურებიან და ინიციატივას უარყოფითად აფასებენ. მათი ხელმძღვანელების განცხადებები საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზება მძიმე ნარკოტიკების მოხმარების დასაბამი იქნება. როდესაც გარკვეული აკრძალვებია, ახალგაზრდებს უჩნდებათ ინტერესი, რომ გასინჯონ ეს ნივთიერება. ეს ფაქტი დამაზიანებელი იქნება მომავალი თაობისათვის. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ახალგაზრდებს და მათ მომავალს გავანადგურებთ. ბოლო პერიოდში მხედველობაში მაქვს - აზერბაიჯანელი ახალგაზრდები უსაქმურობენ, არიან ქუჩაში და თუ დაშვებული იქნება მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება, მათ კიდევ მიეცემათ სტიმული, რომ გართობისკენ იყვნენ ორიენტირებულნი.
ისლამი კრძალავს ნარკოტიკებს, შესაბამისად, ჩვენთვის მისი ნებისმიერი სახით მოყვანა მიუღებელია. ეს ფაქტი საქართველოს იმიჯს შეულახავს მთელს მსოფლიოში“, - აცხადებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იდიგოვი.
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ჯუზეპე პაზოტო კი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკი ბოროტებაა და შეუძლებელია მასთან კომპრომისზე წასვლა.
„იმის გამო, რომ ნარკოტიკების ჭირი კვებავს ბინძურ ბაზარს, უსინდისო ხალხის ჯიბის გასქელებით, ჩვენი სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება ყველა მათ, ვინც ადამიანის სიკეთისა და ღირსების სადარაჯოზე დგას“, - განმარტავს პაზოტო.
6 სექტემბერს, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, კანაფთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე თავისი პოზიცია პატრიარქმაც განმარტა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ პროცესი ძალიან სარისკოა. ხელისუფლებამ ის მკაცრად უნდა აკონტროლოს და საქმიანობა კერძო სექტორს არ მიანდოს.
იმავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას არ ემხრობა და ის კონსენსუსამდე გაურკვეველი ვადით გადადო.
შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.
30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.
ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.