იქნება თუ არა გაპრეზიდენტების შემთხვევაში ანგარიშვალდებული მმართველ გუნდთან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს, ამის შესახებ დამოუკიდებელმა კანდიდატმა განმარტება „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა.
„ამაზე არ ყოფილა რამე კონსულტაცია, ვაჭრობის და გარიგების რამე ფორმა. მე მადლობელი ვარ ამ მხარდაჭერისთვის და ამას არაორდინარულ ნაბიჯად ვთვლი, როცა პარტია თმობს თავის კანდიდატს.
აღარ ვარ პატარა ბავშვი. ყველამ იცის ჩემი წარსული... არ მგონია, ჩემი სურათი აღქმული იყოს ამომრჩევლებში ისე, რომ ვთმობ პრინციპებს. თუმცა, ქვეყანას არ სჭირდება ახალი კონფრონტაცია. როცა იქნება საჭირო, იქნება თანამშრომლობა არამარტო მმართველ გუნდთან, არამედ იმ ოპოზიციასთანაც, რომელიც დღეს სასტიკი სიტყვებით მომიხსენიებს.
9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.
რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტდა თუ ვის დაუჭერდა მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში, ის თავის შემწირველებს ამ კანდიდატის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. ირაკლი კობახიძემ მაშინ დასძინა, რომ ამ არჩევნებში მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენდა.
6 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად იყრის კენჭს. 16 აგვისტოს მან საარჩევნო კამპანია სიმბოლურად სოფელი დიდი ჯიხაიშიდან, თავისი წინაპრის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზუმიდან დაიწყო, საიდანაც ამომრჩევლებს მიმართა.
მანამდე, პრეზიდენტობის კანდიდატმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში თქვა, რომ არჩევის შემთხვევაში ავლაბრის რეზიდენციაში არ შევა და ამის მიზეზიც განმარტა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.