ნინო გოგუაძე: ასეთი მაღალი დონის ვიზიტებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

ნინო გოგუაძე: ასეთი მაღალი დონის ვიზიტებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე საქართველოს პრემიერ მინისტრის ამერიკაში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის დანიშვნიდან მალევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ხორციელდება. შეერთებული შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავება და კონკრეტულ თემატურ საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების მეტ გარანტიებს, ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობებს და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას ნიშნავს. სწორედ ეს საკითხებია, რასაც პრემიერი ჩვენს პარტნიორებთან ისაუბრებს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ აშშ-ს ასეთი ცალსახა და აქტიური მხარდაჭერა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებში გამოხატული მხარდაჭერა,არამედ საკანონმდებლო აქტებით გამყარებული, კონკრეტული ქმედებები, რომელიც ასე საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის" - განაცხადა ნინო გოგუაძემ

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრა, რომ აშშ ადმინისტრაცია არ დაეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ.