ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს და ამის ერთგული რჩება დღესაც
„აშშ-ს შეუძლია უფრო აქტიურ პროცესში დაარწმუნოს პარტნიორები, რათა უკეთ გაითავისონ, რომ საქართველოში რუსული ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა" - აცხადებს ჰერითიჯის ფონდის ექსპერტი საგარეო საკითხებში ლუკ კოფი შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტის შეფასებისას.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს და ამის ერთგული რჩება დღესაც.
„ვფიქრობ, მომავალშიც ამერიკის მთავრობამ სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ უნდა მიმართოს ძალისხმევა" - აცხადებს ამერიკელი ექსპერტი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში ამერიკელი და ქართველი ლიდერები იკრიბებიან, ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის გადასადგმელი ახალი ნაბიჯების განსახილველად. „ვიზიტი მნიშვნელოვან დროს მიმდინარეობს, როცა მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრემიერ მინისტრის რანგში, პირველად სტუმრობს ამერიკის შეერთებულ შტატებს. - აცხადებს ლუკ კოფი.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია საქართველოს დაეხმაროს ქვეყნის მთავრობის მიერ წამოწყებული მშვიდობის ინიციატივის - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ უფრო წარმატებულად განხორციელებაში - გამოხატოს პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა.
ვაშინგტონის მხრიდან ამ ინიციატივის აქტიური მხარდაჭერა სხვა ქვეყნებისთვისაც მისაბაძი იქნება, ეს ძალისხმევა კი საქართველოს მთავრობის პოზიციას გააძლიერებს და ამ ინიციატივას უფრო სანდოსა და ქმედითს გახდის საქართველოს მოქალაქეებისთვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის" - აცხადებს ამერიკელი ექსპერტი.