ტრამპმა ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე დოკუმენტების ნაწილის გასაჯაროება ბრძანა

ტრამპმა ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე დოკუმენტების ნაწილის გასაჯაროება ბრძანა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე FBI-ისა და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტების ნაწილის გასაჯაროების განკარგულება გასცა. ინფორმაციას USA Today ავრცელებს.

დოკუმენტების ის ნაწილი, რომელიც გასაჯაროვდება შეეხება გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორის ჯეიმს კომის (რომელიც ტრამპმა 2017 წელს გაათავისუფლა თანამდებობიდან) და მისი მოადგილის ენდრიუ მაკკეიბის ტექსტურ შეტყობინებებს. დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს FBI-ს ყოფილი აგენტებისა და იუსტიციის ყოფილი თანამშრომლის მესიჯები.

დოკუმენტების ეს ნაწილი ტრამპის განკარგულების თანახმად, აშშ-ის კონგრესს უნდა გადაეგზავნოს. 

12 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე უცხოელებისთვის სანქციების შემოღებას გულისხმობს. აშშ-მა 2016 წლის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ სანქციები უკვე შემოიღო, მათ შორის „ტროლების ფაბრიკის“ და ГРУ-ს მიმართ.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.