ექსპერტი გია ხუხაშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სალომე ზურაბიშვილი განცხადებების გამართლებას ცდილობს და მათ იმ ადვოკატებს ადარებს, რომლებიც საკუთარი მოსაზრებებით ხშირად კლიენტის ინტერესებს აზიანებენ.
„ზურაბიშვილის ადვოკატებს მინდა გავუზიარო ერთი მოსაზრება.
ადვოკატური ეთიკა კატეგორიულად გამორიცხავს ისეთი მოსაზრებების გამოთქმას, ან ინფორმაციის გავრცელებას, რაც მისი კლიენტის ინტერესებს დააზიანებს. ასე იქცევით თქვენც, როდესაც ამ ქალბატონს ყველა სისულელეს უპრავებთ, და ხსნით.
პოლიტიკოსიც არის ადვოკატი და მისი კლიენტია ქართული სახელმწიფო, რომელიც ედავება რუსეთს საერთაშორისო სასამართლოებში.
ასე რომ, ძალიან მარტივია - როგორც ადვოკატური ეთიკის დამრღვევ ადვოკატს არა აქვს საქმიანობის გაგრძელების უფლება, ასევე უნდა ემართებოდეს პოლიტიკოსსაც.“ - წერს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის გამონათქვამსაც ეხმაურება და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს სინამდვილეში „ეზიზღება ქართული ოცნება“ და ქაჯებადაც მათ მოიაზრებს.
„რას ნიშნავს “ქაჯების დასათხოვნად მოვდივარ”
1. ეს მეტყველებს ქ-ნი სალომეს მარტივ, მდარე, ღრმად დაკომპლექსებულ აზროვნებაზე. მას მიაჩნია, რომ მრავალი წლის წინ ნათქვამი ეს სიტყვა არის მისი სავიზიტო ბარათი და მზად არის აბსოლუტურად უადგილოდ იკეკლუცოს ამით.
2. ასეთი მარტივი აზროვნების დროს ხშირად ქვეცნობიერი დომინირებს და უნებლიედ შინაგან განწყობას ააშკარავებს. ზურაბიშვილს სინამდვილეში ეზიზღება ქართული ოცნება და მათ მოიაზრებს ქაჯებად.
დაირაზმეთ ქაჯებო ზურაბიშვილის მხარდასაჭერად!“ - წერს გია ხუხაშვილი.