სალომე ზურაბიშვილი: კანაფის მოხმარების შესახებ საინფორმაციო კამპანიის სათავეში მე ვიქნები

სალომე ზურაბიშვილი: კანაფის მოხმარების შესახებ საინფორმაციო კამპანიის სათავეში მე ვიქნები

კანაფის მოხმარების რეგულირების საკითხზე წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ამომრჩევლებთან შეხვედრისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ კანაფთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს.

მისი თქმით, მთავარი იყო, რომ კანაფის მოხმარებისთვის ადამიანები პატიმრობით არ დასჯილიყვნენ.

„ჩვენი ახალგაზრდები უნდა იყვნენ დაცული. მოვიარე რეგიონები და მოვუსმინე დედების მღელვარებას ამ საკითხზე. ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და მე ვიქნები ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში. უნდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა, ამაში ვეთანხმები საპატრიარქოს. ეს არ არის დაპირისპირების საგანი, ეს არის ჩვენი საერთო მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.