მამუკა ბახტაძე: „ომეგა“ 11-ჯერ გავაფრთხილეთ, მაგრამ კომპანიამ კიდევ უფრო გაზარდა დავალიანება

მამუკა ბახტაძე: „ომეგა“ 11-ჯერ გავაფრთხილეთ, მაგრამ კომპანიამ კიდევ უფრო გაზარდა დავალიანება

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა "ომეგა ჯგუფი" 11-ჯერ გააფრთხილა.

ბახტაძის თქმით, მას ჰქონდა კომუნიკაცია და შეხვედრა კომპანიასთან და აქციონერებთან. 

"კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თითოეულ სამუშაო ადგილს აქვს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, თუ სწორად მახსოვს, 11-ჯერ გადაუვადა ამ კომპანიას შემოსავლების სამსახურის მხრიდან სანქციების გამოყენება, რომელიც ასეთ დროს დგება. მაგრამ ჩვენ დავინახეთ ტენდენცია, ძალიან ნეგატიური - ბოლო თვეების განმავლობაში ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება და მან მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს.

არსებობს ბიზნესსაქმიანობა, არსებობს თამბაქოს წარმოება, ამ თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციზო გადასახადი და ის უნდა გადაიხადოს ყველამ.

არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. მაგრამ რაც შეეხება თამბაქოს წარმოებას და კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და, რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს.

ფინანსთა სამინისტრო, ისევე როგორც შემოსავლების სამსახური უნდა იყოს მაქსიმალურად განწყობილი რომ თუ ეს დავალიანება დაგროვდა შეიქმნას ისეთი გრაფიკი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას კომპანიას აწარმოოს თავისი საქმიანობა გადაიხადოს გადასახადი და დაფაროს წარსული დავალიანება“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

9 სექტემბერს სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება. მათ საუბარში ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სახელიც ფიგურირებს, რომელზეც ამბობენ, რომ ის "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

მანამდე, 7 სექტემბერს ტელეკომპანიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, "იბერიას" დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტეს. საუბარია კომპანია "ომეგა ჯგუფზე", რომლის შემადგენლობაშიც "იბერია" შედის. ამ საკითხზე საპასუხო განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ტელეკომპანია "იბერიის" შესახებ განცხადება 10 სექტემბერს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააკეთა. მისი თქმით, მიუღებელია და სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთ ბიზნესი, როდესაც მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადიდან თავი აირიდოს.