კრწანისის რაიონში კიდევ ერთი თანამედროვე სკვერი ეწყობა

კრწანისის რაიონში კიდევ ერთი თანამედროვე სკვერი ეწყობა

კრწანისის რაიონის გამგეობამ გრიშაშვილის ქუჩა N51-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ახალი სკვერი 1000 კვ.მ ფართობზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ტერასის ხიდი ლითონის მოაჯირით, ასევე, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი.

სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდება და რულონური გაზონი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება საპარკე სკამები, ლითონის კონსტრუქციები შეიღებება და ტერიტორია დეკორატიული ფილები მოპირკეთდება.

სკვერის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა მიმდინარეობს.

სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 210 000 ლარია გამოყოფილი. კრწანისის მოსახლეობას სკვერით სარგებლობა ოქტომბრის ბოლოდან შეეძლება.