რა იცვლება მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდასთან დაკავშირებით

რა იცვლება მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდასთან დაკავშირებით

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის პასუხების მოქმედების ვადა გაიზრდება. პროექტის თანახმად, იგეგმება თეორიული გამოცდის შედეგების მოქმედების ვადის 1 თვიდან 1 წლამდე გაზრდა. ამასთან, პროექტში საუბარია, რომ უნდა მოხდეს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპის დანერგვაც. 

„ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას ემატება მეორე ეტაპი (რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში). შესაბამისად, დადგინდება აღნიშნული ეტაპის საფასური, ასევე ცვლილება შეეხება თეორიული გამოცდის შედეგების მოქმედების ვადასაც და იგი 1 თვიდან გაიზრდება 1 წლამდე. 

ცვლილებების შედეგად ასევე დაიხვეწება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მთელი რიგი მომსახურებები, დაემატება დაჩქარებული მომსახურებები და მომსახურების ახალი სახეები, მათ შორის, მომსახურების დისტანციური არხები“, - აღნიშნულია პროექტში. 

ამ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას მთავრობა 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

გარდა ამისა, მართვის მოწმობის თეორიულ ნაწილს დაემატა ახალი 50 ბილეთი, სადაც ეკოლოგიური საკითხები არს შესული. ახალი ტიპის ბილეთები უკვე გამოქვეყნებულია შსს-ს ვებ-გვერდზე.