საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობისთვის დახარჯული მილიონები შესაძლოა, მიხეილ ჯანელიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზი გახდეს. ლეონიძის 3 ნომერში საგარეო უწყება ჯერ არ გადასულა, თუმცა შენობა ბიუჯეტს უკვე, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაუჯდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის მიერ გაშიფრული სქემის მიხედვით, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიხეილ ჯანელიძეს სამინისტროს ახალი შენობის რემონტის დაწყებამდე საპროექტო სამუშაოებისთვის 737 ათასი ლარი გამოუყო. სამინისტრომ მეორე დღესვე ტენდერის გამოცხადების გარეშე, ხელშეკრულება ერთი დღის დაფუძნებულ კომპანია "ლენდ მარკ პროჯექტს" გაუფორმა, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვატო მახარობლიშვილის ძმა, ავთანდილ მახარობლიშვილია. "ლენდ მარკ პროჯექტის" დირექტორი ხათუნა კიკვაძეა, თუმცა მისმა ოჯახმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხათუნა კიკვაძე "ლენდ მარკ პროჯექტის" დირექტორია, "კურიერისგან" შეიტყო.
კომპანიის დირექტორი კითხვებს არ პასუხობს, თუმცა, მას ჩვენების მიცემა, სავარაუდოდ, პროკურატურისთვის მოუწევს. აუდიტის სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შემოწმების დროს მინისტრის მოადგილის ძმისათვის გადარიცხული 737 ათასი ლარი საეჭვოდ მიიჩნია და დოკუმენტაცია მთავარ საგამოძიებო უწყებას გადაუგზავნა.
საგარო უწყების პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარდა კვლევა და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პირი, რომელიც სატენდერო კომისიაში იყო და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ვატო მახარობლიშვილი არ ყოფილა, ის სხვა მოადგილე იყო.