საზოგადოების დაჯერებას ცდილობენ, თითქოს ჩვენ კომისიის ბოიკოტირებას ვახდენთ - „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფის წევრები გაუგონარ სპეკულაციაზე მიდიან

საზოგადოების დაჯერებას ცდილობენ, თითქოს ჩვენ კომისიის ბოიკოტირებას ვახდენთ - „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფის წევრები გაუგონარ სპეკულაციაზე მიდიან

საზოგადოების დაჯერებას ცდილობენ, თითქოს ჩვენ საგამოძიებო კომისიის ბოიკოტირებას ვახდენთ, ურცხვად მოგვიწოდებენ, რომ შევუერთდეთ კომისიის მუშაობას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის იმ მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობის წევრები კომისიის სხდომას შეურთდნენ.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფის წევრები მათი ჩავარდნის გადასაფარად გაუგონარ სპეკულაციაზე მიდიან.

„ისინი უკვე ექვსი წელია ხელისუფლებაში აღარ არიან და კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ ადამიანის ტრაგედია მაინც არ უნდა გამოიყენო პოლიტიკური მიზნებისთვის. საზოგადოება ელოდა აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგს - ჭეშმარიტების დადგენას და არა მათ პოლიტიკურ პროგრამას. მოცემულ შემთხვევაში ორდღიან, მოკლეფეხებიან ტყუილსაც არ ერიდებიან და საზოგადოების დაჯერებას ცდილობენ, თითქოს ჩვენ კომისიის ბოიკოტირებას ვახდენთ. ურცხვად მოგვიწოდებენ, რომ შევუერთდეთ კომისიის მუშაობას. ეს მაშინ, როდესაც სხდომაზევე დავაფიქსირეთ, რომ ბოლო მომენტში გადმოგზავნილ, საშინლად არაკომპეტენტურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ დასკვნის პროექტზეც კი განსხვავებულ მოსაზრებებს ორშაბათსვე წარმოვადგენდით“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ უმრავლესობის წევრებს კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდა. უმრავლესობის დეპუტატები კომისიის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც დასკვნის პირველი ვარიანტი განიხილეს, არ ესწრებოდნენ. სერგი კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიის ყველა წევრმა დააფიქსიროს საკუთარი აზრი დასკვნასთან დაკავშირებით და საზოგადოებამ იცოდეს თუ ვის რა პოზიცია აქვს.