თბილისის მერია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს გეგეშიძის ბაღიდან კეკელიძის ქუჩის ბოლომდე 1-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე განათებები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.