რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს სირიის პროვინცია იდლიბში „ტერორისტების“ განადგურებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ლავროვმა ეს განცხადება მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
იტყობინებიან, რომ სირიის სამთავრობო ჯარები იერიშს ამზადებენ იდლიბის წინააღმდეგ, რომელიც მეამბოხეთა უკანასკნელი დასაყრდენია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსეი ციგანკოვის განცხადებით, "თეთრი ჩაფხუტების" წარმომადგენლებმა იდლიბის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საწყობში ქიმიური იარაღი მიიტანეს. მისი თქმით, ქიმიური იარაღი საწყობში დაჯგუფება "აჰრარ აშ-შამის" მეშვეობით შეიტანეს.
25 აგვისტოს მედიაში დაიწერა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მოსკოვს აფრთხილებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს ისევ გამოიყენებს, ამერიკის შეერთებული შტატები სირიაზე იერიშს მიიტანს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი 26 აგვისტოს განაცხადა, რომ მომდევნო ორი დღის კვირის განმავლობაში სირიის პროვინცია იდლიბში, შვიდობიან მოქალაქეებზე იმიტირებული ქიმიური თავდასხმა მოხდება, ხოლო ამ გარემოებას აშშ სირიაზე იერიშის მისატანად გამოიყენებს.
27 აგვისტოს რუსულ მედიაში დაიწერა, მოსკოვმა მეტი სამხედრო გემი განალაგა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. რუსული მედიის თანახმად, ეს რუსეთის სამხედრო ფლოტის ყველაზე დიდი კონცენტრაციაა მას შემდეგ, რაც რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში ჩაერთო 2015 წელს.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს სირიასთან ახლოს სარაკეტო კომპლექსების რაოდენობის გაზრდასა და სამხედრო მობილიზებაში დასდო ბრალი, რასაც პენტაგონმა პროპაგანდისტული ინფორმაცია უწოდა.
14 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.
სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.