გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა. ოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკების დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერთან ერთად თბილისში ჩამოვლენ გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდებიან.
საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით კი, სავარაუდოდ, მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრანტების საქართველოში განთავსების საკითხი იყოს.
ამას ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოში ლტოლვილების განთავსების საკითხი ამ შეხვედრის ფუნდამენტური თემა იყოს. გერმანიაში კარგად იციან საქართველოში შექმნილი ვითარება და საქართველოს მთავრობასაც აქვს არგმუნეტები, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს უახლოვლდება და მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
„პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ შევთავაზებ და მივიღებ და არც ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ მერკელი საჩუქრებს ჩამოგვიტანს. ჩვენ არ ვართ დიდი მოთამაშეები საჭადრაკო დაფაზე, თუმცა ევროპას აქვს თავისი ინტერესები.
„ჩემი აზრით, ანგელა მერკელის ვიზიტის მთავარი თემა იქნება საგარეო პოლიტიკა. გერმანიის კანცლერი ცდილობს ევროპულ მაგიდაზე დადოს საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და ხელში აიღოს ინიციატივა, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა ისაუბროს, როგორც ამერიკასთან, ასევე რუსეთთან“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.