„ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთქმულ პროტესტს არ მგონია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვეს, თუმცა ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, რატომ მოხდა ეს ინციდენტი“, - აცხადებს „რეზონანსთან“ პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, ირანის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ თბილისის საერთშორისო აერპორტში, თბილისი-ისპაჰანის ავიარესის შესრულების დროს, კონტროლის გავლისას უსაფრთხოების თანამშრომლები ირანელ ქალბატონებს ჯიჰაბის მოხსნას ავალდებულებდნენ.
ამ ინციდენტთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო საქართველოს საელჩოს თეირანში აღნიშნულ ქმედებებზე განმარტება მოსთხოვა.
„საქართველოს კანონმდებლობას ამ თვალსაზრისით არ ვიცნობ, თუ რა შემთხვევაში ხდება უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ მოთხოვნა ჯიჰაბის მოხსნასთან დაკავშირებით, მაგრამ შეიძლება მგზავრის გაყვანა ცალკე ოთახში და ამ პროცედურის იქ ჩატარება. ვფიქრობ, რომ თბილისის საერთშორისო აეროპორტში ასეთი ოთახები არის.
„როგორ იკითხება დიპლომატიურ ენაზე ირანის საგარე უწყების პროტესტი? არ მგონია, რომ ამ შემთხვევას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვეს, თუმცა ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. პასუხისგაუცემლობა იქნება ქვეყნის უპატივცემუცლობა. უნდა გაკეთდეს განმარტება, არის თუ არა ეს მოთხოვნა კანონით გაწერილი და ახსნილი უნდა იყოს, რატომ იყო მოთხოვნა ჰიჯაბის მოხსნასთან დაკავშირებით.
„თუ დარღვევა იყო, მაშინ რეაგირება უნდა მოჰყვეს, რომ მსგავს ინციდენტს ადგილი აღარ ჰქონდეს. ეს იმისთვისაც არის საჭირო, რომ ტურისტებმა უარი არ თქვან ქვეყანაში ჩამოსვლაზე იმის საფრთხით, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული უხერხულობა შეექმნებათ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კახა გოგოლაშვილმა.