"შამბა ვერ იტყვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ ნდობის აღდგენა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ჩვენს სტრატეგიაში იკვეთება"

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველოსთან დიალოგის დაწყება შესაძლებელია.

აღნიშნულ საკითხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საქართველო პოზიციას არასდროს შეიცვლის:

„მათ მიაჩნიათ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა შეიძლება და ქართველები მტრები არ არიან. ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარია, ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის ლულის სამიზნეებიდან არ უყურონ. საბოლოოდ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ამაში განსხვავებები არსებობს. ვფიქრობ, საბოლოოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დავუბრუნდებით და კეთილგანწყობას ერთმანეთის მიმართ აღვადგენთ. ამისთვის ნაბიჯებს ვდგამთ. კანონთა საინტერესო პაკეტია მომზადებული და ვფიქრობ, ნელ-ნელა ამ საკითხს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ. შამბა ვერ იტყვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. არც დე ფაქტო ხელისუფლება და არც მისი ოპოზიცია არ ისაუბრებენ ასეთი ენით და ტერმინებით, მაგრამ ფაქტია, რომ განწყობა, ნდობის აღდგენა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენს სტრატეგიაში იკვეთება.

დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის კეთილგანწყობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტნიორებთან ერთად ვიმოძრავებთ და ნდობის აღდგენის ფაქტორი იქნება მთავარი თემა, რომელიც საბოლოოდ მთავარი სტრატეგიული მიზნებისკენ გაგვიძღვება. ეს არის შამბას განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი – ნდობის აღდგენა, მტრები არ ვართ და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლისთვის“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.