ეროვნული ვალუტა ისევ კრიზისშია - ლარის კურსის ცვლილებას ექსპერტები საგარეო ფაქტორს უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ვალუტის ცვლილება ლარზეც აისახება.
ეკონომისტები ამბობენ, რომ გარე ფაქტორების მიუხედავად სახელმწიფოს სწორი ხედვა და გეგმა უნდა ჰქონდეს, რათა ლარის რყევები თავიდან აიცილოს.
ეროვნული ვალუტის ცვლილებას თურქეთში ლირის კურსის გაუფასურებას უკავშირებს ეკონომისტი, ზვიად ხორგუაშვილი. მისი თქმით, ლირის რყევა ცალსახად არ უნდა აისახოს ლარზე და ამას სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა უნდა უზრუნველყოფდეს.
„არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საგარეო რყევები ასეთ მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ რეალურად ლარის გაუფასურებაზე და ამ ნაწილში მთავრობის არასწორ პოლიტიკას ეკისრება პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა ხორგუაშვილმა.
ეკონომისტის თქმით, თუ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება, ეს ფასების ზრდას გამოიწვევს.
ლარის კურსის ცვლილებაზე მთავრობის პასუხიმგებლობას ხედავს ეკონომისტი, ირაკლი ყიფიანი, რომელიც აცხადებს, რომ საგარეო ფონის მიუხედავადა ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა უნდა გააჩნდეს.
„ამ ყველაფერს ჩვენ ვერ ვხედავთ. მთავრობა ისევ ამბობს, რომ არაფერი არ ხდება. ძალიან ბევრჯერ, ჩვენ უკვე გამოცდილება გვაქვს იმის, რომ მთავრობა საუბრობდა, რომ არაფერი არ ხდება, მაგრამ ხდებოდა ყოველთვის და მათ შორის კურსიც უფასურდებოდა, მათ შორის, ეკონომიკური პრობლემებიც იქმნებოდა, სიღარიბეც იზრდებოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება გაიზარდოს წნეხი მთავრობაზე, რომ მათ გადადგან რეალურად ნაბიჯები და გარკვეულწილად, თავი დავიზღვიოთ იმისგან, მცირედით მაინც, რაც მომავალში შეიძლება გველოდოს,“ - განაცხადა ყიფიანმა.
დღეს ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში უკვე 2 ლარი და 64 თეთრია. ბოლო 5 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა უკვე 11 თეთრით გაუფასურდა.