აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონს, რომელიც თავდაცვით საჭიროებებზე 716 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
აღნიშნული დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას საქართველოსა და უკრაინასთან. აშშ-ს 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს საქართველოსთვის თავდაცვითი ლეტალური იარაღის მიწოდებას და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის ზომების მიღებას.
აღნიშნული დოკუმენტის დებულების შესაბამისად, აშშ-ს ხელისუფლება შავ ზღვაში საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით სამხედრო წვრთნების უფრო ხშირად ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს.
დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანი, სახელმწიფო მდივანი და ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდალი შეიმუშავებენ სტრატეგიას, რომლის მიზანია მხარდაჭერა გაუწიონ ევროპაში აშშ-ს იმ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან.
ზემოაღნიშნულმა პირებმა ასევე უნდა განიხილონ შავ ზღვაში უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით სამხედრო წვრთნების ჩატარების სიხშირის გაზრდა.