უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელება პრობლემის წინაშე დგას - ვისურვებდი, პარლამენტმა სწრაფად იმოქმედოს

უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელება პრობლემის წინაშე დგას - ვისურვებდი, პარლამენტმა სწრაფად იმოქმედოს

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა უკვე დგას მართლმსაჯულების განხორციელების პრობლემის წინაშე - ვისურვებდი, პარლამენტმა სწრაფად მიიღოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ გადაწყვეტილება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კონსტიტუციის სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა. 

მენაბდის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლას ელოდება, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესიდან პრეზიდენტი გამოირიცხება. 

“უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა განსაზღვრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის საჭიროა სწორედ იმდენი მოსამართლე, რამდენიც კანონით არის დაფიქსირებული. ნებისმიერი დანაკლისი გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. უზენაეს სასამართლოში უკვე არის რამდენიმე ვაკანტური თანამდებობა. ამასთან, თანამდებობიდან გადადგა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. განსაკუთრებით პრობლემებია უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ეს უკვე არის არა თეორიული, არამედ პრაქტიკული პრობლემა, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელებას უდგება წინ. ამიტომ ცხადია, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მიიღოს. ვიცით, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხს მხოლოდ პარლამენტი ვერ წყვეტს. პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პრეზიდენტმა უნდა წაუდგინოს. აქ პრობლემა არის ის, რომ თუკი პარლამენტი წარმოდგენილ კანდიდატურებს არ ეთანხმება და არის უკმაყოფილო, მაშინ მან პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები უნდა განიხილოს, დაიწუნოს, ჩააგდოს და შემდგომ პრეზიდენტმა ახალი კანდიდატები წარადგინოს. გასაგებია, რასაც ახლა პარლამენტი ელოდება - ეს არის კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლა, რომლის მიხედვით, ამ პროცესებიდან პრეზიდენტი გამოირიცხება, თუმცა ჩვენ უკვე ვდგავართ გარკვეული პრობლემების წინაშე მართლმსაჯულების განხორციელებაში. ამიტომ ვისურვებდი საქართველოს პარლამენტმა სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ვახუშტი მენაბდემ. 

უზენაეს სასამართლოში 2016 წლიდან დღემდე ვაკანტურია მოსამართლის სამი თანამდებობა, სადაც პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში წარდგენილი კანდიდატები არ აურჩევიათ, თუმცა არც მათ ჩაგდებაზე მიუღიათ გადაწყვეტილება. 

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ორი წლის წინ, 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილის, ნონა თოდუას და ანა დოლიძის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა მათ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა და კენჭისყრით ჩააგდო. ამის შემდეგ ლალიაშვილისა და თოდუას კანდიდატურები პრეზიდენტმა პარლამენტს ხელახლა წარუდგინა, ანა დოლიძის ნაცვლად კი, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა, კანონმდებლებს უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა შესთავაზა. 

ამის შემდგომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე საერთოდ აღარ უმსჯელია - მოსმენა წინა მოწვევის პარლამენტში მხოლოდ კომიტეტის ფარგლებში გაიმართა და პროცესი აღარ გაგრძელებულა. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველი უმრავლესობის წარმომადგებლები საჯარო კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. პოლიტიკურ კულუარებში კი რამდენჯერმე ითქვა, რომ “ქართული ოცნება“ ახალი რედაქციის კონსტიტუციის ამოქმედებას ელოდება, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში პრეზიდენტი აღარ მონაწილეობს. ახალი რედაქციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით აირჩევს.