საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს მენტალური პრობლემები იმ მიმართულებით, რომ გამოძიებასთან და პოლიციასთან თანამშრომლობა არავის არ უნდა. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„ზოგადად, საზოგადოებაში არსებობს მენტალური პრობლემები იმ მიმართულებით, რომ გამოძიებასთან და პოლიციასთან თანამშრომლობა არავის არ უნდა. ამ საქმეშიც ასეა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეში და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა ამ პრობლემას წააწყდა. ვხედავთ, რომ დღისით, მზისით მომხდარი შემთხვევისას, რომელშიც ათეულობით ახალგაზრდა მონაწილეობდა, აქედან სულ რამდენიმე მოწმე იძლევა საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვან ინფორმაციას. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ეს არ არის მხოლოდ პროკურატურის ან გამოძიების პრობლემა. ეს არის საზოგადოების პრობლემა და ამ საზოგადოებრივ პრობლემაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ როცა ადამიანი შეესწრება დანაშაულს, უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ეს მენტალური პრობლემა გამოსასწორებელია“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.