ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებაც იციან, რომ აქვთ C ჰეპატიტის დაავადება, დროულად მიმართონ C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო პროგრამას, ვინაიდან, მისივე ინფორმაციით, 2020 წლის შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი გახდება.
აკაკი ზოიძის განცხადებით, C ჰეპატიტით დაავადებული 150 000 ადამიანიდან ამ დროისთვის 65 000 პირი ფაქტობრივად, სრულად განიკურნა.
„ეს არის უნიკალური პროგრამა. საქართველო გამორჩეულია იმით, რომ ძალიან მაღალია ჩვენთან C ჰეპატიტით ავადობა. ეს არის 90-იანი წლების პირდაპირი შედეგი არამხოლოდ ნარკოდამოკიდებულების მხრივ, არამედ იმის მხრივ, თუ როგორ იცავდნენ იმ პერიოდში ჰიგიენას საავადმყოფოებში. ამის გამო უკვე დადგენილია, რომ 150 000 ადამიანს აქვს ეს დაავადება. საოცრებაა, რომ 65 000 ადამიანიდან, რომელმაც გამოიკვლია და იმკურნალა, 98%-მდე განიკურნა. 25 000 ადამიანმა კი იცის, რომ აქვს ცე-ჰეპატიტი და არ მკურნალობს. ეს არიან ის ადამიანები, რომლებზეც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მობილიზება და მივიყვანოთ სამკურნალოდ იმიტომ, რომ ეს არის 25 000 გადარჩენილი სიცოცხლე. მათ არ იციან, რამდენად მძიმეა ეს დაავადება, როდესაც არ აწუხებთ ეს პრობლემა, ჰგონიათ, რომ მომავალშიც არ შეაწუხებთ. სინამდვილეში, მათთვის ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. მობრძანდით, იმკურნალეთ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 2020 წლამდე. 2020 წლის შემდეგ ცე ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში ფასიანი ხდება. ჩვენი ოკუპანტი რუსეთი ვერ ახერხებს უმკურნალოს საკუთარ მოქალაქეებს და უამრავ ფულს ხარჯავს მარტო იმისთვის, რომ ამ პროგრამას დისკრედიტაცია გაუკეთოს საქართველოში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.