დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის დასაბუთებული წერილობითი საჩივრით ჯერ არ მიუმართავს, - ამის შესახებ
„ინტერპრესნიუსს“ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" იურიდიულ სამსახურში განუცხადეს. მათი განმარტებით, დეპუტატს საჩივრის წარდგენის ვადა 1-ელ აგვისტოს ეწურება.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოში ასაჩივრებს. მისი თქმით, სამდივნოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხზე პოლიტსაბჭოსთან წერილობით კომუნიკაციას არ გეგმავს და შესაბამისი განცხადებით მასმედიის საშუალებით მიმართავს.
„ჯერ არაფერი დამთავრებულა, ვინაიდან ვასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას. როგორც მათ გამაგებინეს მასმედიის საშუალებით, ასევე, მასმედიის საშუალებით მიუვათ ჩემი განცხადებაც. წერილობით არავინ აპირებს მაგათთან საუბარს. პოლიტსაბჭოზე გამოჩნდება ყველას პოზიცია. ეს პროცედურა ასე არ არის, რომ ხუთმა კაცმა რაღაც გადაწყვიტა და მეექვსემ გახმოვანება მოინდომა - „ქართული დემოკრატიის“ ახალმა მამამ ზაქარია ქუცნაშვილმა და კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა... პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია, როდის შეიკრიბებიან და განიხილავენ ამ საკითხს. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, იქ ისედაც ვრჩები“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
დეპუტატის თქმით, პარტიაში მისი დარჩენის ან წასვლის საკითხზე არც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან და არც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მათ არ მიუღიათ გადაწყვეტილება ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას ხელს მოაწერა „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრმა: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.