დიმიტრი ცქიტიშვილი:  თუ აუცილებლობა არ არის, ხეების ჭრაზე უარი უნდა ვთქვათ

დიმიტრი ცქიტიშვილი: თუ აუცილებლობა არ არის, ხეების ჭრაზე უარი უნდა ვთქვათ

ხეების ჭრა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს და თუ აუცილებლობა არ არის, ხეების ჭრაზე უარი უნდა ვთქვათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. 

ამასთან, დიმიტრი ცქიტიშვილმა დადებითად შეაფასა იმპორტირებული ხე-ტყის გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივა, რომელიც გუშინ პრემიერმა გააჟღერა. 

“ხის ჭრა ძალიან ცუდია და ზოგადად, გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ეს ერთი მხრივ, შემდეგ იწვევს კატაკლიზმებს, ეკოლოგიურ პრობლემებს. მე ვფიქრობ, რომ ხეების ჭრა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს და აუცილებლობა თუ არ არის, ხეების ჭრაზე უარი უნდა ვთქვათ. ამიტომაც, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ძალიან კარგი იყო, რომელმაც თქვა, რომ ხე-ტყის იმპორტი გადასახადისგან გათავისუფლებული იქნება. ძალიან მნიშველოვანია, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ არა იმპორტის ზრდას, არამედ ხე-ტყის არ ჭრას, რადგან საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელმაც შეიძლება ხე-ტყის მასალა აწარმოოს. იმპორტის გათავისუფლებამ შეიძლება, მოგვცეს საშუალება, რომ ხე-ტყე შემოვიდეს და არ მოიჭრას, ეს საშენი მასალა იქნება თუ სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებელი ხე-ტყე. ჩვენ ადგილზე წარმოების ჩვენი რესურსი არ გვაქვს და ამიტომ ხე-ტყეს და გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ და ჩვენი შვილებისთვის უნდა შევინახოთ”, - აღნიშნა მან. მისივე თქმით, ხე-ტყის იმპორტის გადასახადებისგან განთავისუფლებას, ალბათ, საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ამასთან ერთად მნიშვნელოვანი შეზუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე. 

„რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია მომავალ წლებში საშუალებას მოგვცემს, რომ აღვადგინოთ მწვანე საფარი და მოვახდინოთ ე.წ. რეფორესტიზაცია, ანუ ტყის აღდგენის პროცესი. ჩვენ მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას ქვეყანაში, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა ქვეყანაში და შემდეგ მისი მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება“, - განაცხადა ბახტაძემ.