აფგან მუხთარლის ჩვენება, რომელიც მის გატაცებას ეხება, საქართველოს მთავარ პროკურატურას გადავეცით

აფგან მუხთარლის ჩვენება, რომელიც მის გატაცებას ეხება, საქართველოს მთავარ პროკურატურას გადავეცით

აფგან მუხთარლის მიერ დაწერილი ჩვენება, რომელიც მის გატაცებას ეხება, საქართველოს მთავარ პროკურატურას გადავეცით, - ამის შესახებ აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. 

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის გამოძიება დროულად და ობიექტურად უნდა დასრულდეს. 

„აფგან მუხთარლიმ სპეციალურად ჩვენი განმოძიებისთვის, ჩემი მოთხოვნით, ჩვენება წერილობით დაწერა, გამოგზავნა და ეს ჩვენება წარვუდგინე საქართველოს მთავარ პროკურატურას. აღნიშნული ჩვენება დაახლოებით 2 კვირის წინ შევიტანე პროკურატურაში. ჩვენებაში აღწერილია დანაშაულის გარემოებები, თუ როგორ მოხდა გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა. მისთვის უცნობი იყო ის, თუ ვინ გაიტაცა კონკრეტულად, შესაბამისად, სახელის და გვარის იდენტიფიკაციას ვერ ახდენს. ეს ყველაფერი მოხდა აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთით“, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.